logo
ENG



ვაშაძე: ამნისტიის კანონი მაინც უნდა მივიღოთ, მელიას საქმე გირაოთი და თავდებობით არ დაიხურება

25 აპრ 202112:28
3 წუთის საკითხავი
 

ოპოზიცია სტრატეგია აღმაშენებლის ოფისში იკრიბება. 

აქ არიან ის პოლიტიკოსები, რომლებმაც 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. 

გიორგი ვაშაძის თქმით, "ძალიან კარგია, რომ მელია თანხმდება ევროპარლამენტარების თავდებობას, მაგრამ ამნისტიის კანონი მაინც უნდა მივიღოთ, რადგან მელიას საქმე არ დაიხურება არც გირაოთი და თავდებობით". 

"ეს იყო ჩვენი დასავლელი პარტნიორების ცალსახა პოზიცია, რომ აუცილებლად ასე უნდა მომხდარიყო, ანუ მიგვეღო ამნისტიის კანონი, რითაც მელიას და პროტესტში მონაწილე სხვა პირების საქმეები ერთხელ და სამუდამოდ დაიხურებოდა. 

მე ვფიქრობ, ამნისტიაზე სპეკულაცია არასწორია, საქმეს მივხედოთ, ვიმუშაოთ და წავიდეთ წინ". - თქვა სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა შეხვედრის დაწყებამდე. 

სტრატეგია აღმაშენებლის ოფისშია დავით უსუფაშვილიც, რომელიც ლელოს წარმოადგენს. 

მისი თქმით, ქვეყანა რჩება მძიმე კრიზისში. 

"არავითარ დოკუმენტზე ხელმოწერას ის არ განუმუხტავს. ამის გამოვლინებაა ისიც, რომ ძალიან სერიოზული აზრთა სხვადასხვაობაა ამა თუ იმ საკითხზე. ჩვენ, ლელო, მზად ვართ, წავიდეთ სხვადასხვა გონივრულ რისკზე, რათა ქვეყანა გადავარჩინოთ უფსკრულში ჩავარდნისგან

ამოცანა არის, რაც შეიძლება სწრაფად შეიცვალოს საქართველოში ხელისუფლება და ეს მოხდეს არა რევოლუციური, არამედ მშვიდობიანი გზით". - თქვა დავით უსუფაშვილმა. 

მელიას თავდებით განთავისუფლებას რამდენიმე ევროპარლამენტარი დათანხმდა. ნიკა მელიასთვის ეს პირობა მისაღებია. 

***

პარლამენტში 27 აპრილს დაიწყება ცვლილებების განხილვა, რომლითაც 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციის ნაწილის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში არსებული ჩანაწერი ამნისტიის კანონში უნდა აისახოს. 

შეთანხმების დოკუმენტში, რომელსაც ხელისუფლებამ და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილმა 19 აპრილს ხელი მოაწერა, ნათქვამია, რომ შეთანხმების მიღწევიდან 1 კვირის ვადაში უნდა გადაიდგას ნაბიჯები 2 საქმეზე, რომლებიც პოლიტიკურად აღიქმება, ამნისტიით და/ან სხვა ნაბიჯებით, რომლებიც ანალოგიურ შედეგამდე მიგვიყვანს. 2 საქმეში ნიკა მელიას და გიორგი რურუას საქმეები იგულისხმება. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსების ნაწილის აზრით, პოლიციელების შემთხვევაში კანონს დაზარალებული მხარის თანხმობა უნდა დაემატოს. 

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ 27 აპრილს, როცა პარლამენტი კანონპროექტის განხილვას დაიწყებს, გიორგი რურუას შეიწყალებს. 

დოკუმენტის მიხედვით, ნიკა მელიას გირაოს ან ევროკავშირი გადაუხდის, ან ამნისტიის კანონით დატოვებს ციხეს. 

მელიას გირაოს თავად გადახდაზე უარს ამბობს, ასევე, მისთვის მიუღებელია ამნისტიის კანონის შინაარსი, ვინაიდან ის 20-21 ივნისის დამნაშავე პოლიციელებზეც უნდა გავრცელდეს. უცნობია, შეეხება თუ არა ამნისტია ბრძანების გამცემ პირებს. 

22 აპრილს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამნისტია შეეხება მას, ვიზეც 20-21 ივნისის საქმეზე "აღძრულია საქმე და მასაც, ვიზეც შეიძლება, მომავალში აღიძრას". 

ევროკავშირს წერილით მიმართეს 20 ივნისს დაზარალებულებმა და მოითხოვეს, საქართველოს დაეხმარონ ისე, რომ არ შეილახოს მათი უფლებები. 

მათთვის ამნისტიის კანონი კატეგორიულად მიუღებელია. 27 აპრილს 20 ივნისს დაზარალებულებმა საპროტესტო აქციაც დააანონსეს - ის კანონის პარლამენტში ინიცირების პარალელურად გაიმართება. 

ასევე, საია-მ, რომელიც პარტიებს შეთანხმების ხელმოწერისკენ მოუწოდებდა, ახლა მიმართავს მათ, არ დაუშვან 20 ივნისს პოლიციელთა დანაშაულებებზე ამნისტიის კანონის ინიცირება.   


close დახურვა